იტვირთება ❤ ...

"ბავშვს რომ ხელი არ აექნია, სწრაფად ავცერიო... შემდეგ აღიარა" - გოგელიას კლინიკის სკანდალი

"ბავშვს რომ ხელი არ აექნია, სწრაფად ავცერიო... შემდეგ აღიარა" - გოგელიას კლინიკის სკანდალი
Image credit: Twitter.Ge

სამედიცინო პლატფორმა "მედ სითის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თათა დვალიშვილი იმ მოქალაქეებს შორის არის, რომლებიც ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინით აცრეს. დაზარალებული თათა დვალიშვილის 4 წლის შვილია.

მისი თქმით, აღნიშნულ კლინიკაში მხოლოდ დღეს 35 ადამიანია აცრილი, მათ შორის არიან ბავშვები, ონკოლოგიური პაციენტები და ორსულები.

"ერთი კვირით ადრე დავჯავშნე ადგილი. Facebook-ის გვერდით გავიგე, რომ შემოიტანეს გრიპის ვაქცინები, გავარკვიე ყველაფერი - საათი, დრო, ფასი და მივედი დედასთან და ჩემი 4 წლის შვილთან ერთად. როდესაც მივედით და თანხა გადავიხადეთ, შევიყვანე ბავშვი ასაცრელად, მანამდეც მქონია შეხება აცრებთან, ვარ სამედიცინო პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიცოდი ჩემი უფლების შესახებ და მოვითხოვე, რომ ჩემი შვილის გაკეთებული ვაქცინის ყუთი, ან რაიმე დამადასტურებელი, რომ ვაქცინა ჩატარდა, გადმოეცათ. ეს მოვითხოვე სანამ ვაქცინა გაუკეთდებოდა, მაგრამ ე.წ. იმუნოლოგმა გიორგი ჩანდელმა მითხრა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს კოლოფი, რითიც შეიძლება რომ დაადასტურონ, მაგრამ აქვს რაღაც პლასტმასის, მოღუნული, სასაცილო შპრიცი, რომელზეც მარტივად მიხვდები, რომ საეჭვო ფაქტთან არის საქმე.

ამის შემდეგ, ისევ მოვითხოვე, რომ რაიმე საბუთი მაინც ეჩვენებინათ, რომ ნამდვილად შეიძინეს ფრანგული ვაქცინა, ამ გარკვევაში მე ამოვიღე ტელეფონი, რომ დამერეკა ჩემი მეგობარი იმუნოლოგებისთვის, რომ მეკითხა აზრი, ბავშვს უცებ გაუკეთა ვაქცინა ამ გიორგიმ. ბავშვს რომ ხელი არ აექნია და პრობლემა არ შეექმნა, უცებ, უპრობლემოდ ავცერიო - მითხრა. რა თქმა უნდა, ეს არ მომეწონა, ძალიან დავიძაბე, გამოვვარდი რეგისტრატურაში, სადაც მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ეს ნამდვილად გრიპის ვაქცინა იყო და არანაირ თაღლითურ დაჯგუფებასთან არ მქონდა საქმე.

საბოლოო ჯამში, გავარკვიეთ ამ ე.წ. იმუნოლოგის ოთახში შევედით, ძალიან დაძაბულად და მიწოლით ვესაუბრე და აღიარა, რომ ეს იყო C ვიტამინის ამპულა," - განაცხადა თათა დვალიშვილმა.

დვალიშვილის ინფორმაციით, დაჯავშნისას ვაქცინის ღირებულება 65 ლარს შეადგენდა, ხოლო დღეს, ადგილზე მისულს ფასი გაზრდილი დახვდა. 

ცნობისთვის, მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა. მათივე ცნობით, ექიმს, რომელიც იმუნიზაციას ახორციელებდა, შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია. 

twitter.ge