იტვირთება ❤ ...

„სამართლიანი არჩევნები“ - წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ორგანიზებულად მოქმედებდა 20 „ფეისბუქ“ გვერდი, ხოლო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ - 25

„სამართლიანი არჩევნები“ - წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ორგანიზებულად მოქმედებდა 20 „ფეისბუქ“ გვერდი, ხოლო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ - 25
Image credit: Twitter.Ge

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ორგანიზებულად მოქმედებდა 20 გვერდი, ხოლო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 25 გვერდი. ამის შესახებ ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ასევე გააქტიურდა რამდენიმე გვერდი, რომლებიც ორგანიზებულად მოქმედებს და მათი აქტივობის მთავარ მიზანს კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დისკრედიტაცია წარმოადგენს.

„როგორც სუბიექტების კამპანიის ფარგლებში თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 263 ოფიციალურ ორგანიზაციული Facebook გვერდი იყო აქტიური. პოლიტიკური პარტიების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდებთან ერთად, აქტიური იყო სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის გვერდი. აღსანიშნავია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილი გვერდი „სინამდვილეში“, რომლის აღწერილობის მიხედვით, გვერდი მიზანია პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული სიახლეების გადამოწმება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდებზე, ძირითადად, თვითმმართველობის საქმიანობის ამსახველი პოსტები ვრცელდებოდა. გვერდების უმრავლესობაზე არ ქვეყნდებოდა პარტიის აღმნიშვნელი მასალა, მაგრამ აქტიურად ზიარდებოდა პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ ვიზიტები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატების ნაწილი მოქმედი თანამდებობის პირები არიან. შესაბამისად, მათი აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობების „ფეისბუქ“ გვერდებზე შუქდებოდა, რაც სხვა კანდიდატებთან შედარებით, მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ფეისბუქ“ გვერდი დაკავშირებულია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ გვერდთან და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას, გვერდთან. კავშირი ვიდეოების ე.წ ჯვარედინად განთავსებაში გამოიხატება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ გვერდებზე ერთდროულად იდება ვიდეომასალა",- აღნიშნულია ანგარიშში.

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, გამოვლინდა 52 საჯარო მოხელე 29 მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც 2 აგვისტოდან - 22 აგვისტოს პერიოდში, სამუშაო საათებში ჯამში, 118 სააგიტაციო პოსტი გამოაქვეყნეს.

„რიგ შემთხვევებში, გამოვლინდა არასამუშაო დროს განთავსებული დიდი რაოდენობის პოლიტიკური შინაარსის პოსტებიც. სამუშაო დროს გამოქვეყნებული პოსტების უმრავლესობა, პარტია „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ გამოქვეყნდა",- განაცხადა დოლიძემ ანგარიშის წარდგენისას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯამში, პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ორგანიზებულად მოქმედებდა 20 გვერდი. მათივე ცნობით, დისკრედიტაციული გვერდების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდნენ: ირაკლი ღარიბაშვილიკახა კალაძეირაკლი კობახიძებიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი.

„ეს უკანასკნელი სექსისტური თავდასხმის სამიზნეც გახდა. გვერდების ნაწილზე გიორგი გახარიას მადისკრედიტირებელი პოსტებიც ვრცელდებოდა, რომლებშიც ის, ბიძინა ივანიშვილის მართულ პოლიტიკოსად იყო წარმოჩენილი. მსგავსი გზავნილით ხასიათდებოდნენ გიორგი ვაშაძე და ალეკო ელისაშვილიც. აღნიშნული გვერდების ნაწილი ამავდროულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პოსტებსაც აქვეყნებდა.

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 25 გვერდი მოქმედებდა. ოპოზიცური პოლიტიკურ პარტიებს შორის გვერდების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილინიკა მელია და ანზორ მელია. ოპოზიციური პარტიების ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სექსისტური გზავნილები გამოიკვეთა. სექსისტური შინაარსის დისკრედიტაციის სამიზნეები გახდნენ სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა. აგრეთვე, აღნიშნულ გვერდებზე სექსისტური თავდასხმის ობიექტი „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძეც გახდა.

გააქტიურდა რამდენიმე გვერდი, რომელებიც ორგანიზებულად მოქმედებს და მათი აქტივობის მთავარ მიზანს კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დისკრედიტაცია წარმოადგენს.

„ფეისბუქზე“, ასევე, გამოიკვეთა „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ორ „ფეისბუქ“ გვერდზე („სიმართლის დროა“ და „Informer”) წარიმართება. გამოქვეყნებული პოსტების მიზანია ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულ მხარედ წარმოაჩინოს. არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიასაშუალებების დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ანგარიშებიც გამოიყენება.

არაანონიმურ კამპანიის წარმოებისათვის, კვლავ გამოიყენება ცრუ მედიის გვერდების ტაქტიკა. საანგარიშო პერიოდში 12 ცრუ მედიის გვერდი მოქმედებდა. მათი უმეტესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. განსხვავებულად მოქმედებდა ორი გვერდი. გვერდი “მნიუსი Mnews” 2020 წელს, „ქართული ოცნების“ სასარგებლო გზავნილებს ავრცელებდა. გიორგი გახარიას პარტიის დატოვების შემდეგ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები მის სასარგებლოდ შეიცვალა. გვერდი, “რუსთავი•news” მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის საწინააღმდეგო და „ენმ”-ის კანდიდატის, დავით კირკიტაძის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს",- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ცრუ მედიის გვერდების ნაწილზე ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდებოდა.

„ქვეყნებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მოსაზრებები, რომლებიც დასავლეთსა და კონკრეტულად, ამერიკის ელჩის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას გულისხმობდა.

ანონიმური გვერდების ნაწილი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. მათგან, 23 გვერდი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აქტიურობდა, 25 გვერდი კი ოპოზიციურ პარტიებს უჭერდა მხარს. მათგან, 13 გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა, ოთხი გვერდი, წინასაარჩევნოდ, გიორგი გახარიას სასარგებლოდ მოქმედებდა",- აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეკლამებს, როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, რეკლამების რაოდენობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, რომელმაც საანგარიშო პერიოდში, 892 რეკლამა განათავსა.

„პარტიებიდან მას „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ მოჰყვება (155), ხოლო მესამე ადგილას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ (93). კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სოციალურ მედიაში პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობა. საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ „ფეისბუქზე“ განთავსებული 70 დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინა და გაასაჩივრა. გასაჩივრებულ რეკლამებს შორის „ფეისბუქმა“ მოქმედება მხოლოდ 10%-ს შეუჩერა. ამდენად, პლატფორმის რეაგირება დაუდეკლარირებელი რეკლამებზე საჩივრების მიმართ, წინა არჩევნების მსგავსად, არასაკმარისი იყო. დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამები განთავსდა, როგორც ოფიციალური პარტიული, ისე ანონიმურ გვერდებზე. ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა დეკლარირების გარეშე "მესამე ძალამ" განათავსა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

twitter.ge